logo
ENG



ბურჯანაძე: მიდით არჩევნებზე, თორემ გამოუყენებელ ბიულეტენებს ქართული ოცნება გამოიყენებს

31 ოქტ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამიტომ ბურჯანაძე საზოგადოებას, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს, რათა ოცნებამ "გამოუყენებელი ბიულეტენები სათავისოდ არ გამოიყენოს".

მისივე განცხადებით, ქართული ოცნების მომხრეები და კოორდინატორები, ასევე სუს-ის და პოლიციის ცალკეული წარმომადგენლები ძალიან დიდი აგრესიით გამოირჩევიან სხვადასხვა უბნებზე. რაც შეეხება დაფიქსირებულ დარღვევებს, ისინი ხმების დაცვის ოპოზიციურ შტაბში არის გადაგზავნილი.

"საბურთალოზე 83 უბანზე ჩვენი თბილისის შტაბის ხელმძღვანელს, ბატონ ოთარ თავართქილაძეს, რომელიც მეოთხე ნომერია "ერთიანი საქართველოს" საარჩევნო სიაში, მიაყენეს შეურაცხყოფა, ჰქონდათ მცდელობა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიეყენებინათ. მას არ აძლევნდნენ უფლებას, რომ გაეპროტესტებინა ის დარღვევა, რომელიც მან ნახა. 

ჩვენი ინფორმაციით, მთაწმინდის რამდენიმე უბანზე ერთი და იმავე ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას, არ არის მოთხოვნა, რომ რამდენიმე წამით ამომრჩეველმა პირბადე მოიხსნას და სახე აჩვენოს. ამიტომ ერთი და იმავე ამომრჩეველი შედის და აძლევს ხმას. 

სიაშიც არის ცდომილებები, მთაწმინდის მე-9 უბანში, თავდაპირველად გამოკრული სპეცსია შედგებოდა 4 ამომრჩევლისგან, ხოლო შემდეგ ეს გაიზარდა და 13 ამომრჩეველი გახდა მომენტალურად. 

სამგორში მე-5 მაჟორიტარულ ოლქში 68-ე და მე-16 უბნებზე დაფიქსირდა ის დარღვევა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ ხშირად ვლაპარაკობდით. როგორც ჩვენ ველოდით, გადასატან ყუთს გაატანეს იმაზე მეტი ცარიელი კონვერტები და ბიულეტენები, ვიდრე გადასატან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა იყო. მას შემდეგ რაც ჩვენმა წარმომადგენელმა კონვერტების უკან დაბრუნება მოითხოვა, თავმჯდომარემ დიდი წინააღმდეგობის შემდეგ დააბრუნა ეს კონვერტები და ბიულეტენები უკან", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა